top of page

HR პოზიციების გზამკვლევი | რეკრუტერი

  • Writer: Leri Mdinaradze
    Leri Mdinaradze
  • Nov 5, 2024
  • 3 min read

Updated: Feb 22

რეკრუტერი: ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სწორი ადამიანების სწორი უნარებით სწორ პოზიციაზე დასაქმებას. მისი როლი მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის უწყვეტობის შენარჩუნებისთვის, ისე ორგანიზაციული კულტურის ფორმირებისთვის.

რეკრუტერი სხვადასხვა სტილითა და მიდგომით მოქმედებს, მისი საქმიანობის არეალი შეიძლება განსხვავდებოდეს კომპანიის მასშტაბიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.


📍 უნარები და კომპეტენციები:

რეკრუტერს შემდეგი უნარები ეხმარება დავალებების წარმატებით შესრულებაში:

  • მონაცემთა ანალიზი: ბაზრის შესწავლა, კონკურენციის გააზრება და რელევანტური, ეფექტური სტრატეგიების დასახვა ტალანტების მოსაძიებლად.

  • შერჩევისა და შეფასების უნარები: კანდიდატების შერჩევა მრავალფეროვანი მეთოდებით, როგორიცაა გასაუბრება, ტესტირება და სხვა.

  • კომუნიკაციის უნარები: რეკრუტერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კანდიდატებთან, ასევე ბიზნეს ლიდერებთან ურთიერთობაში, ამიტომ კომუნიკაციის კარგი  უნარების ქონა მნიშვნელოვანია. 

  • თვითდისციპლინა და ორგანიზებულობის უნარები: ერთდროულად ბევრ დავალებას ასრულებს, ამიტომ საჭიროა დროისა და პროცესის მართვის უნარები.

  • ტექნოლოგიური კომპეტენციები: თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პლატფორმების გამოყენება რეკრუტერს საქმიანობის საოპერაციო ნაწილის უფრო სწრაფად და ეფექტურად მართვაში ეხმარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეეძლოს ATS (Applicant Tracking System) სისტემებთან და პროფესიულ სოციალურ ქსელებში Boolean Search-ის გამოყენებით მუშაობა. ტრენდულია Google X-Ray-ის ტექნიკების ცოდნაც. 

  • შრომის სამართლის ცოდნა: შრომით სამართლის ცოდნა ეხმარება შერჩევის პროცესის სრული ციკლის კანონთან შესაბამისი სტანდარტების დაცვით მართვაში, რასაც ითვალისწინებს წინასახელშეკრულებლო და პერსონალური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების წესები. 

  • კორპორატიული კულტურა: რეკრუტერს კარგად უნდა ესმოდეს კომპანიის საქმიანობა, მისი მიზანი, ხედვა და ღირებულებები (კორპორაციული კულტურა), რათა შესაბამის დროს, შესაბამისი ტალანტის დაქირავების პროცესი უზრუნველყოს. 


📍პოზიციური რანჟირებები რეკრუტინგში:

Junior რეკრუტერი

  • გამოცდილება: 0-2 წელი.

  • როლი: ფოკუსირებულია საოპერაციო ტიპის დავალებების შესრულებაზე. ხშირად ეხმარება უფრო გამოცდილ რეკრუტერს და ასრულებს ისეთი ამოცანებს, როგორიცაა ვაკანსიების განთავსება და კანდიდატებთან პირველი კომუნიკაცია, გასაუბრებების დროის შეთანხმება, ჩანიშვნა და სხვ.

  • კომპეტენცია: გამოცდილება არ არის აუცილებელი, მაგრამ საჭიროა HR სფეროს ცოდნა და კომუნიკაციის უნარების ფლობა.

  • ძირითადი მოვალეობები: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების ბაზების შედგენა, რეზიუმეების მართვა, გასაუბრებების გრაფიკების ორგანიზება.


Middle რეკრუტერი

  • გამოცდილება: 2-5 წელი.

  • როლი: დამოუკიდებლად მართავს რეკრუტინგის პროცესებს, ფლობს საჭირო ტექნიკებს, რაც აუცილებელია, როგორც გასაუბრების, ასევე კანდიდატების შეფასებისთვის.

  • კომპეტენცია: რეკრუტინგისა  და შერჩევის სტრატეგიების ცოდნა, ანალიტიკური და კომუნიკაციის განვითარებული უნარების ქონა.

  • ძირითადი მოვალეობები: ინტერვიუს ჩატარება, კანდიდატის შეფასება, რეკრუტინგის  სტრატეგიის ეფექტურად აღსრულება, რეკომენდაციების ეთიკურად მოძიება და ATS პლატფორმების გამოყენება. ამ საფეხურზე მომუშავე რეკრუტერს საკმაოდ დიდი დოზით უწევს კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან, ე.წ. Hiring Manager-ებთან.   


Senior რეკრუტერი

  • გამოცდილება: 5+ წელი.

  • როლი: პასუხისმგებელია რეკრუტინგის სრული პროცესის სტრატეგიის განსაზღვრაზე და მის ეფექტურ განხორციელებაზე. ის ხშირად ხელმძღვანელობს მცირე  გუნდს, ახდენს პროცესისა და  შედეგების მონიტორინგს.

  • კომპეტენცია: სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარების ქონა; ბაზრისა და სამუშაო პლატფორმების ცოდნა. შრომითი კანონმდებლობის გათვალისწინებით ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. HR ანალიტიკური უნარების ფლობა; HR მეტრიკების გამოყენებით სტრატეგიული გადაწყვეტილებების ინიცირება ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის ნაწილში. 

  • ძირითადი მოვალეობები: რეკრუტინგის პროცესების სრული მენეჯმენტი, რთული და მაღალი მენეჯერული რგოლის  კანდიდატების მოძიება და მათი გასაუბრებების წარმათვა, რეკრუტინგის ეფექტურობის გაუმჯობესება, გუნდის მენტორშიპი და ბიზნეს სთეიქჰოლდერებთან კომუნიკაცია.


📍სრული ციკლი vs ტრადიციული მიდგომა

ტრადიციულ რეკრუტინგში პროცესის კომპონენტებს სხვადასხვა ადამიანი მართავს, მაგ. ტალანტების მოძიებას ახორციელებს Sourcer, ქცევით  ინტერვიუებს ატარებს რეკრუტერი, ხოლო ტექნიკურს გასაუბრებას Hiring Manager-თან ერთად  HR მენეჯერი ან HR ბიზნეს პარტნიორი. სრული ციკლის რეკრუტინგში კი ერთი რეკრუტერი ხელმძღვანელობს სრულ პროცესს. კვლევებით დასტურდება, რომ კანდიდატთა მიკუთვნებულობა და ეფექტურობა მეორე მიდგომის გამოყენების შემთხვევაში უფრო მაღალია. 


📍როგორ გავხდეთ რეკრუტერი:

თუ რეკრუტერის პოიზიცია გაინტერესებთ და ამ მიმართულებით გსურთ განვითარება, გირჩევთ:

  1. მოძიების უნარები: კანდიდატების ეფექტურად მოძიება (Sourcing) არის რეკრუტერის ერთ-ერთი ძირითადი უნარი, რომლის განვითარებაც დაგეხმარებათ დროულად იპოვოთ სწორი კანდიდატი სწორი პლატფორმების გამოყენებით.

  2. შეფასების უნარები: კანდიდატების შეფასება არ არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი გაუცნობიერებელი მიკერძოება არსებობს, რამაც შეიძლება ჩვენს შეფასებაზე გავლენა იქონიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ შეფასების უნარების განვითარებაზე იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ კანდიდატის პროფესიული და ინტერპერსონალური უნარები.

  3. რეკრუტინგის სერტიფიკატი: მნიშვნელოვანია გაიაროთ კურსი, რომელიც რეკრუტინგის სრულ ციკლს ფარავს. ამ გზით, თქვენ შეისწავლით ისეთ კრიტიკულ უნარებს, როგორიცაა კანდიდატების მოზიდვა, შეფასება და კომუნიკაცია. რეკომენდირებულია აირჩიოთ კურსი, რომელიც მოიცავს IT რეკრუტინგის საფუძვლებსაც, რადგან ტექნოლოგიური სფერო სულ უფრო აქტუალური ხდება.


რეკრუტინგის მიმართულებაში წარმატება ნიშნავს, რომ გექნებათ შესაძლებლობა, შეარჩიოთ ტოპ ტალანტები და მიიღოთ მონაწილეობა ისეთი გუნდების ფორმირებაში, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ ბიზნესის წარმატებაზე.


 
 
bottom of page